piradi kabineti
მომხმარებელი 
პაროლი 
      
»   რეგისტრაცია    »   პაროლის აღდგენა
   
   
   
   
    
   
   
   
აშშ ავტო აუქციონები
 
   
აშშ უმსხვილესი ავტო აუქციონები



Manheim

   ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და ავტორიტეტული სადილერო აუქციონია ამერიკაში, რომელიც დაუზიანებელი ავტომანქანებით ვაჭრობს. ყოველდღიურად გასაყიდად გამოაქვთ 50 ათასამდე ავტომანქანა. ეს სისტემა ყველაზე მსხვილია არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მსოფლიოში. მასში შედის 124 გასაყიდი მოედანი, რომლებიც აშშ-ს მთელ ტერიტორიაზეა გაბნეული. Manheim-ის აუქციონები დახურულია და მასზე დასწრება შეუძლიათ მხოლოდ ოფიციალური აკრედიტაციის მქონე დილერებს. აუქციონზე გასაყიდი ავტომანქანები შეყავთ მწარმოებლებს, დილერებს, სადაზღვევო კომპანიებს და სახელმწიფო დაწესებულებებს.
   ამერიკელი დილერების უმეტესობა სწორედ ამ აუქციონზე ყიდულობს სატრანსპორტო საშუალებებს შემდგომში საცალო ბაზარზე რეალიზაციის მიზნით. აუქციონის ფასსა და საშუალო საბაზრო ღირებულებას შორის განსხვავება ზოგიერთი მარკის ავტომანქანებზე რამოდენიმე ათას დოლარს აღწევს. გასაყიდად გამოტანილი ავტომანქანების უმრავლესობას თან ერთვის ტექნიკური მდგომარეობის და აღჭურვილობის (საღებავის, სალონის მდგომარეობა, ცვეთის ხარისხი და ა.შ.) დეტალური აღწერა. ავტომანქანის ტექნიკური და გარეგნული მდგომარეობა ფასდება 5 ბალიანი სისტემით და ფერების ინდიკაციით: მწვანე - საუკეთესო (best), ყვითელი - კარგი (ok), წითელი - ცუდი (worst). აღნიშნული აუქციონი გასაყიდი ლოტების ტექნიკური მდგომარეობის დახასიათებით და ფასების ოპტიმალურობით ყველაზე მისაღებია.
   Manheim-ის ავტო აუქციონი ონლაინ რეჟიმში ვაჭრობისთვის იყნებს სისტემას Simulcast, რომელიც იძლევა როგორც დისტანციურად ვაჭრობაში მონაწილეობის საშუალებას, აგრეთვე Manheim-ის ნებისმიერ მოედანზე მიმდინარე ვაჭრობისათვის პირდაპირ ეთერში თვალყურის დევნების შესაძლებლობას. Manheim-ის ავტო აუქციონს გააჩნია Manheim Market Report (MMR)-ბაზრის ანალიზი, რომელიც წარმოადგენს ფასებზე დაკვირვების და ანალიზის ყველაზე ზუსტ სისტემას. MMR-ის ფასები იანგარიშება Manheim-ის აუქციონებზე გაყიდული ავტომანქანქანების ფასიდან.

 



 Copart

     ონლაინ რეჟიმში დაზიანებული ავტომანქანებით ვაჭრობის უდავო ლიდერია აშშ-ში, როგორც რაოდენობის, აგრეთვე ასორტიმენტის მხრივ. Copart-ის ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობენ NASDAQ (კოდი CPRT)-ზე. აუქციონზე სატრანსპორტო საშუალებები გასაყიდად გამოაქვთ სადაზღვევო კომპანიებს, დაზიანებული ავტომანქანებით მოვაჭრე მაღაზიებს და შემკეთებელ ფირმებს. აუქციონზე იყიდება ავტომანქანები, მოტოციკლეტები, სატვირთო ავტომანქანები, ნავები, კატერები, სამშენებლო ტექნიკა და სხვა. Copart ფლობს 127 მოედანს ამერიკის მთელ ტერიტორიაზე.
    ამერიკიდან აუქციონზე ძირითადად ვაჭრობენ ავტოტრანსპორტის შემკეთებელი ფირმები. ამის მიზეზია ავტომანქანის სტატუსი Salvage-(სტატუსი Salvage-ნიშნავს ,,ჩამოწერილს"). ამ სტატუსის მქონე ტექნიკის გაყიდვა საბაზრო ფასად შეუძლებელია. მყიდველები სხვა ქვეყნებიდან ძირითადად სარემონტო ფირმები და ფიზიკური პირები არიან, რომლებიც აღდგენის შემდეგ ავტომანქანებს ყიდიან დაუზიანებელი სატრანსპორტო საშუალებების ფასად. Salvage-სტატუსის მინიჭებისთანავე სატრანსპორტო საშუალება კარგავს ღირებულების 60%-ს.
    Copart (ისევე, როგორც ავტო ტრანსპორტის მისთვის მომწოდებლები) პასუხს არ აგებენ სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ მდგომარეობაზე. ყველა სატრანსპორტო საშუალება იყიდება ხარისხის გარანტიის გარეშე. Copart-ის სამომხმარებლო ხელშეკრულებაში მითითებულია: ყველა სატრანსპორტო საშუალება იყიდება ,,როგორიც არის".
  საიტზე გამოქვეყნებული ფოტოების და ინფორმაციის მიხედვით სატრანსპორტო საშუალების რეალური მდგომარეობის განსაზღვრა საკმაოდ რთულია. Copart-ი არ არის პასუხისმგებელი სურათის გამოქვეყნების შემდეგ გასაყიდ მოედანზე სატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაშიც კი (სატრანსპორტო საშუალება გასაყიდ მოედანზე ხშირად ზიანდება გადასაზიდი ტექნიკის მოძრაობის პროცესში).
    აუქციონზე იყიდება: ავარიის, გატაცების შედეგად დაზიანებული და ცუდად, ან ნაწილობრივ შესრულებული სარემონტო სამუშაოების, ასევე სტიქიური უბედურებების (მათ შორის წყალდიდობების) შედეგად დაზიანებული ტექნიკა.
  ის ფაქტი, რომ აუქციონი მუშაობს 1982 წლიდან და აქვს 127 გასაყიდი მოედანი მოწმობს იმაზე, რომ Copart-მა იპივა ოქროს შუალედი მყიდველების და გამყიდველების ინტერესებს შორის. თუმცა ამის მიუხედავად ყოველთვის არის იმის ალბათობა, რომ მყიდველი იმედგაცრუებული დარჩეს.
    შესაძლო პრობლემებიდან ყველაზე ხშირია გასაღების უქონლობა, დატბორილი ავტომანქანები, დაზიანებული ვინ კოდი და ყველაზე საშიში: ფარული დეფექტები, რომლებიც შეიძლება იყოს როგორც უმნიშვნელო, ასევე სერიოზული, ამიტომ სარემონტო ხარჯების ზუსტად განსაზღვრა ძალიან ძნელია.

 



  IAAI 

    დაზიანებული ავტომენქანების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აუქცინია ჩრდილოეთ ამერიკაში. IAAI შედის აშშ-ს ტერიტორიაზე არსებული სადაზღვევო კომპანიების აუქციონების პირველ ხუთეულში. კომპანიას პრაქტიკულად ყველა შტატში აქვს რამოდენიმე გასაყიდი მოედანი, სადაც ყოველწლიურად ათობით ათასი დაზიანებული ავტომანქანა იყიდება. გაყიდვების მოცულობით იგი მხოლოდ COPART-ს ჩამოუვარდება.
    აუქციონზე ავტომანქანები ძირითადად სადაზღვევო კომპანიებიდან შემოდის. სადაზღვევო კომპანია ყოფილ მფლობელს უხდის სადაზღვევო თანხას ავარიის, გატაცების, დატბორვის და ა. შ. შემთხვევაში, შემდგომ კი ავტომანქანას აუქციონზე ყიდის. ამის გამო, აუქციონზე შესაძლებელია უმნიშვნელო დაზიანების მქონე ავტომანქანის შეძენა 40-70%-ით იაფად, ვიდრე ჩვეულებრივ აუქციონზე. VIN კოდის მეშვეობით მყიდველს შეუძლია წინასწარ შეამოწმოს ავტომანქანის ისტორია CARFAX და AutoCheck-ის მონაცემთა ბაზებში.
    დღეისათვის დაზიანებული ავტომანქანის შეძენა IAAI-ზე ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი სფეროა საავტომობილო ბიზნესში. აქ შეძენილი და შემდგომ აღდგენილი ავტომანქანის თვითღირებულება ყოველთვის უფრო დაბალი გამოდის მის მსგავს დაუზიანებელ ავტომანქანასთან შედარებით.
მაგრამ აქაც არსებობს დადებითი და უარყოფითი მომენტები: ავტომობილის მდგომარეობის შესახებ მყიდველს წარმოდგენა ექმნება საიტზე არსებული ფოტოებით და აღწერით. იმისათვის რომ ზუსტად გათვალოთ აღდგენის ღირებულება, თქვენ უნდა იყოთ გამოცდილი მექანიკოსი. ყველა დაზიანების შემჩნევა ფოტოზე შეუძლებელია, ამიტომ დამატებით უნდა გაითვალისწინოთ შეუმჩნეველი დაზიანებების არსებობაც.
    IAAI-ზე ყველაზე გაყიდვადია გაძარცვული ავტომობილები, ანუ ისეთი, რომელსაც არ სჭირდება გადაღებვა ან რემონტი. მყიდველი მხოლოდ დამატებით ყიდულობს იმ დეტალებს, რომლებიც აკლია ავტომანქანას და ამონტაჟებს მათ.
გაყიდვებში მეორე ადგილზეა მსუბუქი დაზიანებების მქონე ავტომობილები. ხშირ შემთხვევაში ასეთი ავტომანქანა საჭიროებს მხოლოდ გარე დატალების შეცვლას, მაგალითად, კარების, ფარების, ფრთების და არ სჭირდება მზიდი ნაწილების შეცვლა ან გამოსწორება.
    მესამე ადგილი მტკნარი წყლით დატბორილ ავტომანქანებს უკავიათ. ნაწილობრივ დატბორილ მანქანებში როგორც წესი ელექტრონაწილების უმეტესობა დაუზიანებელია და ხელსაწყოების დაფა მუშაობს.
ბოლო ადგილზეა მზიდი ძარის სერიოზული დაზიანების მქონე ავტომობილები. ამ შემთხვევაში დაზიანების ხარისხის განასზღვრისათვის აუცილებელია გამოცდილი ოსტატის კონსულტაცია.

 



 eBay

    აშშ-ს ყველაზე მსხვილი ელექტრონული აუქციონია, სადაც იყიდება როგორც სხვადასხვა ტექნიკა, აგრეთვე საყოფაცხოვრებო თუ სამეურნეო საქონელი. კომპანიის შტაბ-ბინა მდებარეობს სან-ხოსეში (კალიფორნია, აშშ). ეს არის უზარმაზარი აუქციონი, სადაც ყველაფერი იყიდება. ონლაინ აუქციონის ყოველდღიური აუდიტორია 130 ათას ადამიანზე მეტს შეადგენს. დარეგისტრირებული გამყიდველების და მყიდველების რიცხვი კი 10 მილიონზე მეტია.
  еBay-ს სისტემა საბოლოო მომხმარებელზეა გათვლილი და მათ სთავაზობს 2900 კატეგორიაში განთავსებულ 400 ათასი დასახელების ნაწარმს. საიტზე წარმოდგენილია სატრანსპორტო საშუალებების და მათი სათადარიგო ნაწილების ფართო არჩევანი. აქ იყიდება ავტომანქანები, მოტოციკლეტები, სკუტერები, კატერები, იახტები, ავტობუსები და სპეცტექნიკა.
eBay მომხმარებელს აგრეთვე სთავაზობს ტექნიკის ცნობილი მარკების  და მოდელების სათადარიგო ნაწილების ფართო არჩევანს. ამასთან, მათი ფასი ჩვეულებრივი სათადარიგო ნაწილების მაღაზიის ფასებთან შედარებით დაბალია. eBay-ზე იყიდება როგორც ახალი, ასევე მეორადი სატრანსპორტო საშუალებები. აქ აგრეთვე შესაძლებელია ისეთი სათადარიგო ნაწილის ყიდვაც რომელიც მხოლოდ მცირე დროის განმავლობაში იყო ხმარებაში და სრულიად ვარგისია შემდგომი ექსპლუატაციისათვის. ფასი კი ახალთან შედარებით ორჯერ ნაკლებია.
  აუქციონის უპირატესობაა გასაყიდი ლოტის კარგი ფოტოები, დაწვრილებითი აღწერა და სრული ვინ კოდი. სატრანსპორტო საშუალების შეძენამდე შესაძლებელია გამყიდველთან ტელეფონით დაკავშირება და ზუსტი ინფორმაციის მიღება ავტომანქანის მდგომარეობაზე.  ამასთანავე, საიტზე გამოქვეყნებულია მიმდინარე სააუქციონო ფასი და ღირებულება, რომლის სანაცვლოდაც გამყიდველი აუქციონის  დასრულებამდე დაგითმობთ ლოტს.

 



AutoTrader

    ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმალური ინტერნეტ რესურსია, სადაც შესაძლებელია ავტომანქანის მოძებნა და ყიდვა. აუქციონი 1997 წელს შეიქმნა. მისი შტაბ-ბინა ატლანტაში მდებარეობს. კომპანია ინტერნეტით ავტოტრანსპორტის ყიდვა-გაყიდვის ბაზრის ერთ-ერთი ძირითადი წევრია. აუქციონზე იყიდება როგორც ახალი, ასევე მეორადი ავტომანქანები. საიტზე შეიძლება იშვიათად შეხვდეთ დაზიანებულ ტრანსპორტსაც. სისტემაში ჩართულია 40 000-ზე მეტი დილერი და 250 000 კერძო მფლობელი, რომლებიც უზრუნველყოფენ სატრანსპორტო საშუალების ფართო არჩევანს, რაც თავის მხრივ ყოველთვიურად 13 მილიონ მყიდველს იზიდავს. ბაზაში კერძო მფლობელების, დილერების და ავტოსალონების მიერ განთავსებულია 3 მილიონზე მეტი განცხადება ახალი და მეორადი ავტომანქანების გაყიდვის თაობაზე.
   აღსანიშნავია, რომ AutoTrader მნიშვნელოვან როლს თამაშობს გასაყიდი ფასების ფორმირებაშიც. გამყიდველი, საკუთარი ლოტის განთავსებისას ხედავს ანალოგიურ ავტომანქანებს და მათ ფასებს. ეს კი ხელს უწყობს ლოტის ადეკვატურ შეფასებას და გამყიდველს ფასის თვითნებურად გაზრდის საშუალებას არ აძლევს.
   იმ აუქციონებისაგან განსხვავებით სადაც ფასი ფორმირდება ვაჭრობის პროცესში, აქ თვითოეულ ავტომანქანას მითითებული აქვს გასაყიდი ფასი. სატრანსპორტო საშუალების შეძენამდე შესაძლებელია გამყიდველთან ტელეფონით დაკავშირება და ავტომანქანის ზუსტი მდგომარეობის დადგენა. აღნიშნული საიტი გამოირჩევა საძიებო სისტემის მოხერხებულობით, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ავტომანქანის შერჩევა სამოდელო წლის, ფასის, გარბენის, ფერის ან მდებარეობის, ანუ პორტიდან დაცილების მიხედვით.

 



Cars.com

     წარმოადგენს ავტომანქანების და სხვა ტექნიკის გასაყიდი აუქციონების სისტემას, რომლის აუდიტორია ყოველთვიურად 8 მილიონი ადამიანია. კომპანია Cars დაარსდა 1998 წელს და დღეისათვის მასთან 130000 დილერი თანამშრომლობს. Cars-ი წარმოადგენს კომპანიას, რომელიც ახალი და მეორადი ავტომანქანებით ონლაინ ვაჭრობის საშუალებას აძლევს ავტომწარმოებლებს, დილერებს და კერძო პირებს.
    Cars-ი ფლობს მრავალმხრივი ძიების ინსტრუმენტებს (ძებნა შესაძლებელია ფასის, კონფიგურაციის და კომპლექტაციის მიხედვით). თითოეულ პოზიციას თან ერთვის დაწვრილებითი ინფორმაცია (ფოტოგალერეა, აღწერა, სრული VIN კოდი), აქვს ცნობარი მყიდველისათვის, იძლევა რამოდენიმე შერჩეული ავტომანქანის შედარების საშუალებას. საიტზე აგრეთვე განთავსებულია ავტომანქანების თემატიკის საინტერესო და საჭირო სტატიები და მიმოხილვები. იმ აუქციონებისაგან განსხვავებით სადაც ფასი ფორმირდება ვაჭრობის პროცესში, აქ თვითოეულ ავტომანქანას მითითებული აქვს საბოლოო გასაყიდი ფასი. სატრანსპორტო საშუალების შეძენამდე, შესაძლებელია გამყიდველთან ტელეფონით დაკავშირება და ავტომანქანის ზუსტი მდგომარეობის დადგენა.
    მეორადი ავტომანქანის შერჩევისას, მყიდველს შეუძლია მისი ახალთან შედარება ფასის, კომპლექტაციის და სხვა დეტალებში ორიენტირებისათვის.
    როდესაც მყიდველს სურს ახალი ავტომობილის შეძენა, მას საშუალება აქვს თვითონ აირჩიოს კომპლექტაცია, ანუ საიტზე არსებულ კონსტრუქტორზე აწყოს მისთვის სასურველი ავტომანქანა დაწყებული ფერიდან და სალონის გაფორმებიდან დამთავრებული დამატებითი შესაძლებლობებით, თუმცა ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მწარმოებლის შესაძლებლობების ფარგლებში.

 



 YaHoo AUTOS


    ახალი და მეორადი ავტომანქანებით და აგრეთვე სხვა სატრანსპორტო საშუალებებით მოვაჭრე მსხვილი ინტერნეტ ონლაინ აუქციონია. მისი აუდიტორია ყოველთვიურად 7 მილიონი ადამიანია. აუქციონის დამფუძნებელია ცნობილი კომპანია yahoo, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს Cars.com-თან, რის გამოც ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე სატრანსპორტო საშუალება ორივე საიტზეა განთავსებული.
    საიტს გააჩნია კომპლექტაციის და ფასის მიხედვით ძიების ძლიერი სისტემა. აუქციონზე ავტომანქანებს ყიდიან დილერები და კერძო მფლობელები. თითოეულ განაცხადს თან ერთვის ხარისხიანი ფოტოები, დაწვრილებითი დახასიათება, მითითებულია საბოლოო ფასი, სრული ვინ კოდი და დამატებითი ინფორმაცია, რომლის მოცულობაც იმდენად დიდია, რომ ყველაზე გადაუწყვეტელი ადამიანიც კი, შეძლებს გადაწყვეტილების მიღებას.
    სატრანსპორტო საშუალების შეძენამდე, შესაძლებელია გამყიდველთან ტელეფონით დაკავშირება და ავტომანქანის ზუსტი მდგომარეობის დადგენა. აუქციონის მონაცემებთან ერთად ფასის შესაბამისობაში დარწმუნება შეგიძლიათ CARFAX და AutoCheck-ის ისტორიების შემოწმების მეშვეობით. საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ YaHoo AUTOS შეუძლია დაზოგოს თქვენი დრო და თანხები.

 



 

 

 

VinInfo | © 2009-2017